დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, კორონავირუსის გამო ჯობია გადახდა ელექტრონულად მოხდეს და ნაკლებად გამოვიყენოთ ნაღდი ფული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

"უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. იქ სადაც აუცილებელია ნაღდი ანგარიშსწორება, სასურველია ქეშის ხმარების დროს მაქსიმალურად დავიმუშავოთ ხელები. მინდა მივმართო ამასთან დაკავშირებით ბანკებს, რომ ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი საშუალებები, იდგეს დეზინფექტორები. მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ გაცემა მოხდეს ელექტრონულად და სხვა შემთხვევაში პენსიონერებს შეუქმნან შესაბამისი შესაძლებლობები, რომ მათ ფულის აღების შემდეგ, ან მანამდე ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ბრიფინგის დროს ბანკებს ასევე სთხოვა, რომ მაქსიმალურად ეცადონ თავი აარიდონ დიდ რიგებს. მისი განმარტებით, შეიძლება ჩვენთვის ნაღდი ანგარიშსწორება ნაკლებად დამაზიანებელია, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს, თუმცა რაც უფრო ადრე გამოვიყენებთ პრევენციულ ზომებს, მით უფრო მეტად დავიცავთ თავს.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: