ახალი კორონავირუსის გამო, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მსოფლიო შეშინებულია. ადამიანები კარანტინებში იმყოფებიან, სკოლები და უნივერსიტეტები კი დროებით დაკეტილია.

მსგავსი თავდაცვითი ზომების ფონზე, ეპიდემიის ეპიცენტში მოქცეულმა ბავშვებმა, რომლებსაც სწავლა დისტანციურად უწევთ, საშინაო დავალებების თავიდან მოშორება საკმაოდ კრეატიული ხერხით შეძლეს.

ჟურნალ London Review of Books-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ქალაქ უხანის ამჟამინდელი ცხოვრებაა აღწერილი. მოხსენება უამრავი მძიმე დეტალითაა სავსე, თუმცა უხანელი სკოლის მოსწავლეების ამბავი გამონაკლისს წარმოადგენს.

უხანში სკოლები ვირუსის გავრცელებიდან მალევე დაიკეტა, მოსწავლეებს კი სწავლა სახლიდან, DingTalk აპლიკაციის საშუალებით უწევდათ. გაკვეთილების თავიდან ასარიდებლად კი ბავშვებმა უბრალოდ აპლიკაციის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს.

"მოსწავლეებმა გაარკვიეს, რომ თუკი მომხმარებლების საკმარისი რაოდენობა აპლიკაციას დაბალ შეფასებას დაუწერდა, იგი App Store-დან გაქრებოდა. მალევე, აპლიკაციამ ათიათასობით დაბალი შეფასება დააგროვა და მისი რეიტინგი 4,9-დან 1,4-მდე დაეცა", — ნათქვამია მოხსენებაში.

მიუხედავად ბავშვების მცდელობისა, აპლიკაცია App Store-სა და Play Store-ში ჯერჯერობით კვლავ ხელმისაწვდომია.

სიტუაცია საკმაოდ რთულია, ვირუსი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც გავრცელდა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. უმჯობესია თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებს გავითვალისწინებთ და მშვიდად დაველოდებით, თუ როდის გადაივლის ვირუსის ტალღა.