Bloomberg Billionaires Index-ის გამოთვლით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 6 მარტის ვაჭრობის შემდეგ, ბოლო ხუთ დღეში $75 მილიონი დაკარგა. ხუთი დღის წინ მისი ქონება $5,37 მილიარდი იყო და 10 მარტის მონაცემებით ის $5,30 მილიარდია.

ბიძინა ივანიშვილმა 20 თებერვლიდან 3 მარტამდე $200 მილიონი დაკარგა. მილიარდერების 500-ეულში ივანიშვილი დღეს 336 ადგილს იკავებს.

2019 წლის ივნისიდან ბიძინა ივანიშვილის ქონება იზრდებოდა. ივნისის მონაცემებით, ის 5,27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ივლისში 5,37 მილიარდ აშშ დოლარი იყო. 8 ნოემბრის მონაცემით, ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ $450 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 5,45 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. 27 დეკემბრისთვის კი ბიძინა ივანიშვილის ქონება $525 მილიონი აშშ დოლარით (+10,5%) გაიზარდა და 5,52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებში ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა, რუსეთის საქმიან ცხოვრებაში. მისი ინტერესები ფართოდ იყო წარმოდგენილი რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ფინანსების, ჯანდაცვისა და მძიმე მეტალურგიის სექტორში.