რუსეთის სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის განულებას მხარი დაუჭირა. ეს კი ნიშნავს, რომ მეორე ვადის დასრულების შემდეგ, 2024 წელს პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ისევ შეეძლება. აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირა 380 დეპუტატმა, წინააღმდეგი კი იყო 43.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, დუმაში ვლადიმერ პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს. კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე საკანონმდებლო ორგანოში ორი ინიციატივა დააყენეს: დუმის ვადამდელი არჩევნები და საპრეზიდენტო ვადების განულება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე ინიციატივა კენჭისყრაზე არც გასულა.

მოქმედი პრეზიდენტისთვის საპრეზიდენტო ვადების განულების იდეა ერთიანი რუსეთის დეპუტატმა, ვალენტინა ტერეშკოვამ წამოაყენა. ისი აზრით, კონსტიტუციიდან, ზოგადად, საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვის შესახებ ჩანაწერის ამოღებაც შეიძლებოდა.

მას შემდეგ რაც ტერეშკოვამ საპრეზიდენტო ვადების განულების ჩასწორებაზე ისაუბრა, დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტთან განხილვას საჭიროებს, რის გამოც შესვენება გამოაცხადა და დაურეკა. როგორც BBC წერს, მალევე სხდომათა დარბაზში თვითონ პუტინი მივიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

პუტინი ძირითადი კანონიდან საპრეზიდენტო ვადის ამოღებას არ მიემხრო. თუმცაღა განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია საპრეზიდენტო ვადის განულება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამას დასაშვებად ცნობს.

კანონპროექტის მესამე მოსმენა 11 მარტს გაიმართება, ამავე დღეს განიხილავს მას ფედერაციული საბჭო. ამის შემდეგ დოკუმენტი რეგიონული პარლამენტების ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი და საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ შეამოწმონ.

მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მიღებულ კანონპროექტს პუტინი მოაწერს ხელს მას რეფერენდუმზე გაიტანენ. თუ მას მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს, ახალი კონსტიტუცია საბოლოოდ შევა ძალაში.