რაგბის ფედერაციის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 მარტს საქართველო რუსეთს შორის დაგეგმილი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ რაგბის ფედერაციამ გაავრცელა. თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება.

"ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის", — წერია განცხადებაში.

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა. 7 მარტს, ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 39-24 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით ისინი სატურნირო ცხრილი ლიდერები გახდნენ.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: