აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას ხელს ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს.

"საქმეში შეკრებილი მასალების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ დასაქმებულმა უხეშად დაარღვია მაუწყებლის შრომის შინა განაწესი და მასთან შრომით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც მის მიმართ დისციპლინური სანქციის დაკისრების საფუძველია", — წერია განცხადებაში.

თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება 6 მარტს შეუწყდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და აპირებს ამ თემაზე დავა გააგრძელოს. სასამართლოში თეონა ბაკურიძის და აჭარის ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების უფლებებს EMC დაიცავს.

ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია იძაბება. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.

კერძოდ, კოხრეიძემ უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. 19 თებერვალს კი გაუუქმა თანამდებობა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. 28 თებერვალს მან სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.

4 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი აბაზაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე, ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს.

6 მარტს, კი თეონა ბაკურიძეს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს. დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანი საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე "ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია". აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

ამავე თემაზე: