სულ ახლახანს Tbilisi Open Air 2020-ის ლაინაფი გამოქვეყნდა. ფესტივალის ფარგლებში წელს სცენაზე ვიხილავთ SHE WANTS REVENGE, Aparat და LP.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული მუსიკალური ფესტივალი წელს 26, 27 და 28 ივნისს ლისი ვანდერლენდში გაიმართება.

შემსრულებლების სრულია სია ასე გამოიყურება:

ფოტო: Tbilisi Open Air / AlterVision / Facebook

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, აბონემენტების გაყიდვა 17 მარტს დაიწყება. 7 აპრილის ჩათვლით ფესტივალის სამივე დღეზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება 125 ლარს შეადგენს და მათი რაოდენობა შეზღუდულია.

თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. 8 აპრილიდან დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვა და აბონემენტის ღირებულება გაიზრდება. აბონემენტების შეძენა შესაძლებელია მისამართზე tkt.ge/OpenAir და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსაც ითვალისწინებენ და შესაბამისი სამომავლო გეგმაც აქვთ მზად:

"იმედს ვიტოვებთ, რომ ივნისამდე დავამარცხებთ COVID-19-ს, უკან მოვიტოვებთ ამ რთულ პერიოდს და ერთად მოვუსმენთ ჩვენს საყვარელ არტისტებს Lisi Wonderland-ში. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ფესტივალის თარიღები და მივიღოთ საჭირო ზომები", — წერია ფესტივალის ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფესტივალის თარიღების შეცვლის შემთხვევაში TKT.GE და Tbilisi Open Air მომხმარებლებს ორ არჩევანს შესთავაზებს: შესაძლებელი იქნება სრულად დაიბრუნოთ თანხა, ან შეინარჩუნოთ ბილეთი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალის თარიღები არ შეიცვლება, შეძენილი ბილეთების დაბრუნება, ან გადაცვლა შესაძლებელი აღარ იქნება.

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ის დღემდე რჩება ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ კულტურულ მოვლენად, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის — 5 000-მდე ტურისტი.