პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები მძიმე დღეები იყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ამტკიცებს, რომ "ყველაზე მძიმე იყო მისთვის".

"რა მოტივითაც არ უნდა იყოს, შეუძლებელია გაამართლო ადამიანმა მოტივი პარლამენტში შეჭრის მცდელობის და პოლიციელზე ძალადობის", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, გადაიხდის თუ არა გახარია და ქართული ოცნება მომხდარის გამო პოლიტიკურ ფასს, ის პასუხობს:

"პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს სხვადასხვა. მაგალითად: შეიძლება იყოს ფასი, რომ 20 ივნისი იყო ჩვენთვის ის მძიმე დღე, როდესაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში პარლამენტში მესამე შეჭრის მცდელობა არ დავუშვით. შეიძლება იყოს შეფასება, რომ 20 ივნისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაამეტეს, მათ გამოიყენეს ლეგიტიმურად ძალა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ეს ძალა იყო გადამეტებული. მაგრამ აქ ყველგან არსებობს ორი განზომილება: სამართლებრივი და პოლიტიკური".

გახარია 20 ივნისის მოვლენების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მას შემდეგ, რაც აქცია სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით დაშალა და 3-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მის გადადგომას ითხოვდა. გახარია ამტკიცებდა, რომ არ გადადგებოდა იქამდე, სანამ 20 ივნისის საქმეს არ გამოიძიებდა. ასევე, ამტკიცებდა, რომ პრემიერობა არ სურდა, თუმცა გადაყენების ნაცვლად ის დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრი გახდა.