სულ ახლახანს, ჯორჯ მარტინმა თავისი ახალი წიგნის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა.

სამეფო კარის თამაშების ავტორმა ფანები დაარწმუნა, რომ თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციის დროს თითქმის ყოველდღე წერს წიგნს ზამთრის ქარებს.

"ვეხმაურები ყველას, ვისაც ჩემი მდგომარეობა აინტერესებს. ვიცი, რომ ასაკისა და წონის გათვალისწინებით, მე ყველაზე მაღალი რისკის კატეგორიაში ვარ. მაგრამ, აბსოლუტურად ყველა სიფრთხილის ზომებს ვატარებ. მარტო ვარ რამდენიმე თანაშემწესთან ერთად. ქალაქში არ გავდივარ და არც არავის არ ვნახულობ", — განაცხადა მწერალმა თავის ბლოგზე.

გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მან ცოტა ისაუბრა თავის ახალ წიგნზეც და ფანებს დეტალები გაუმხილა:

"ვესტეროსში საქმე საკმაოდ სერიოზულადაა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც რეალობაში ხდება. ასე მგონია, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაში ვცხოვრობ. ოღონდ არა იმ ისტორიაში სადაც ქალაქები მთვარეზე გვაქვს გაშენებული, კოლონიები მარსზე, ქუჩებში მფრინავი მანქანები მოძრაობენ და რობოტები რობოტიკის სამი კანონით არიან დაპროგრამებულნი. საკმაოდ ასაკოვანი ვარ და ის, რაც ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვნახე აქამდე არასდროს მინახავს".

გავრცელებული კორონავირუსის გამო, მარტინის კინოთეატრი დაიხურა, თუმცა პერსონალს ხელფასს მაინც გადაუხდიან. მოწყენილობის გასაფანტად, მწერალმა ონლაინ წიგნების გამოწერას მიჰყო ხელი. რადგან თვითიზოლაციის დროს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გასართობი სწორედაც რომ კითხვაა.

ჯორჯ მარტინის უკანასკნელი წიგნი ცეკვა დრაკონებთან 2011 წელს გამოვიდა. იმავე წელს, HBO-მ საკულტო სერიალი Game Of Thrones გამოუშვა. ფანებს ერთი სული აქვთ, ზამთრის ქარების გაგრძელება როდის გამოვა. სერიის ბოლო, მეშვიდე წიგნით კი ყინულისა და ცეცხლის სიმღერა საბოლოოდ დასრულდება.