კორონავირუსის გამო მსოფლიო სახლიდან მუშაობასა და სწავლაზე გადაერთო, ჩაიკეტა საზღვრები და უამრავ ადამიანს სამოგზაურო გეგმები ჩაეშალა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა ვირტუალურადაცაა შესაძლებელი.

ამ სტატიაში მოგიყვებით იმ მუზეუმების შესახებ, რომელთა "სტუმრობა" სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლიათ. თან ისე, რომ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს საფრთხეში არ ჩააგდებთ.

1. გუგენჰაიმის მუზეუმი, ნიუ-იორკი

ამ მუზეუმში ექსპონატების სანახავად და გადასაადგილებლად Google Street View შეგიძლიათ გამოიყენოთ. როდესაც ნახატებს მიუახლოვდებით, ავტორისა და ნამუშევრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოჩნდება — სწორედ ისე, როგორც ნამდვილ მუზეუმებში ხდება.

2. ორსეის მუზეუმი, პარიზი

გინდა ორსეის მუზეუმი მოინახულო ისე, რომ სახლიდან ფეხის გადგმაც კი არ დაგჭირდეს? ამისთვის, მხოლოდ ლინკზე გადასვლაა საჭირო. პარიზის ამ სახელგანთქმულ მუზეუმში ვან-გოგის ავტოპორტრეტი და უისლერის ცნობილი ნამუშევარი მხატვრის დედის პორტრეტი ინახება.

3.თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, სეული

სამხრეთ კორეის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმის გამორჩეული კოლექციებიც ვირტუალური ტურის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი. აქ არსებული მოძრავი ინსტალაციები და ვიდეოები გუგლში მხოლოდ ფოტოების სახითაა წარმოდგენილი, მაგრამ სხვა ნამუშევრები დანაკლისს აუცილებლად აგინაზღაურებთ.

4. პოლ გეტის მუზეუმი, ლოს-ანჯელესი

პოლ გეტის მუზეუმის ვირტუალური ტურით, არა მარტო აქ დაცულ ნამუშევრებს იხილავთ, არამედ გამორჩეული არქიტექტურითაც დატკბებით. თუ არსებობს ისეთი ადგილი, რასაც გუგლის ქუჩის ხედით ვერ დაინახავთ, Google Maps-ის აპლიკაციაში შესაბამისი ფოტოები აუცილებლად დაგხვდებათ. ასე რომ, მუზეუმს დამთვალიერებლების კომფორტისთვის ყველაფერი გათვალისწინებული აქვს.

5. უფიცის გალერეა, ფლორენცია

უფიცის გალერეა მედიჩების ხელოვნების ნიმუშების კოლექციას ინახავს. ვირტუალური ტურის მეშვეობით აქ ისეთ ცნობილ ნამუშევრებს ნახავთ, როგორიცაა ბოტიჩელის ვენერას დაბადება და კარავაჯოს მედუზა.

6. ბობოლის ბაღები, ფლორენცია

თვითიზოლაციის დროს, თუნდაც ვირტუალური ბუნების დათვალიერება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. ბობოლის ბაღების სანახავად გუგლის ვირტუალური ტური კარგ გიდობას გაგიწევთ. ნამდვილი მოგზაურობა კი პიტის სასახლის ბაღებში სჯობს სამომავლოდ დაგეგმოთ.

7. მანჩუ-პიქჩუ, პერუ

სამწუხაროდ, ონლაინ ტურს ისეთი ეფექტი არ აქვს, როგორც ნამდვილ ნანგრევებში ხეტიალს. თუმცა, მანჩუ-პიქჩუს ხედების თუნდაც კომპიუტერის ეკრანით ნახვაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდით.

8. სან-პაულუს ხელოვნების მუზეუმი, ბრაზილია

სან-პაულუს ხელოვნების მუზეუმი უამრავ ღირშესანიშნაობას იტევს, მაგრამ მთავარი ხიბლი სწორედ ნამუშევრების გამოფენის ხელოვნებაშია. შუშაში ჩასმული, შემაღლებულ ადგილას დამაგრებული ნახატები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ჰაერში ლივლივებენო.

9. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი, ჩიკაგო

კინომოყვარებულებს გაუხარდებათ თუ ვეტყვით, რომ ჩიკაგოს მუზეუმი თავის დროზე ფილმში ფერის ბიულერი ისვენებს გამოჩნდა. თუმცა, უკმაყოფილოები არც მხატვრობის მოყვარულები დარჩებიან. ვირტუალური ტურით ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებთ, როგორებიცაა მონე, დეგა, ტულუზ-ლოტრეკი და სეზანი.

10. ვერსალის სასახლე, ვერსალი

არაუშავს, თუ თქვენი საკარანტინო გარემო სასახლესავით არ გამოიყურება. ამ დანაკლისს, გუგლის ვირტუალური ტურით, ვერსალის სასახლეში "გასეირნებისას" შეივსებთ. მათ შორის მოინახულებთ ცნობილ სარკეებიან დარბაზს და ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს.