აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ყვება, რომ თბილისში მისი გატაცების დღეს მას სამი ადამიანი დაესხა თავს, რომელთაც ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

"თავიდან მეგონა, რომ აზერბაიჯანელი ყაჩაღები იყვნენ, მერე მივხვდი, რომ ქართული კრიმინალური პოლიციის სპეციალური ფორმა ეცვათ, ამიტომ თვითონ ჩავჯექი მანქანაში, პოლიციის განყოფილებაში წავიდეთ-მეთქი. მერე თავზე ტომარა ჩამომაცვეს, ხელები პლასტიკით შემიკრეს და საგარეჯოს მხარეს გამიშვეს. გზაში ტომარა მომხსნეს და წებოვანი ლენტი შემომახვიეს. როცა ისიც მომხსნეს, დავინახე, რომ აზერბაიჯანში ვიყავით. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, უკვე აზერბაიჯანის მხარეს გადამცეს", — ყვება მუხთარლი.

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავისი გამტაცებლების სახე ახსოვს და ყველას ამოიცნობს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ბაქოს ციხიდან 17 მარტს გაათავისუფლეს.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს.

თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხთარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: