აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელმაც ბაქოს ციხე ორი დღის წინ დატოვა, ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. ამის შესახებ მან გადაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ის პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს:

"მხოლოდ მზად კი არა ვარ, მოვითხოვ, რომ ჩვენება ჩამომართვან. მინდა, ვაჩვენო ის ადგილები, საიდანაც გამიტაცეს, სადაც თავიდან ტომარა მომხსნეს, რა გზით წამიყვანეს — ყველაფრის ჩვენება შემიძლია".

გარდა ამისა მუხთარლი ამბობს, რომ დაუსრულებელი ჟურნალისტური გამოძიებები დარჩა, რომლის დასრულებასაც აპირებს, მათ შორის ბათუმში.

მუხთარლის თქმით, აზერბაიჯანის მოქალაქეობა არ ჩამოართვეს, თუმცა მოსთხოვეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა:

"ამ პირობას რომ ად დავთანხმებოდი, არ გამათავისუფლებდნენ. ისიც მითხრეს, რომ არ უნდოდათ, საქართველოში მეცხოვრა".