ევროპული საქართველო მოითხოვს, რომ მომდევნო რვა თვის მანძილზე სახელმწიფომ შეაჩეროს საპენსიო შენატანი და დანაზოგი ფულით 120 ლარიანი საყოველთაო კომუნალური ვაუჩერები დაარიგოს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპენსიო შენატანის რვა თვით შეჩერებით, სახელმწიფოს 130 მილიონი ლარზე მეტი გამოუთავისუფლდება, რაც ეყოფა 120 ლარიანი ვაუჩერის დარიგებას ყველა იმ ოჯახისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარს არ აჭარბებს.

"საკითხი, რომელიც აქამდეც აწუხებდა ჩვენს მოსახლეობას, კომუნალური გადასახადები, დღეს გახდა კიდევ უფრო აუტანელი. ადამიანებმა არ იციან, როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადი. არც ერთი ინიციატივა არ არის ღირებული, თუ არ აქვს მკაფიო დაფინანსების წყარო. ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ იმ ათასობით საშუალო კლასის ოჯახს, რომლებიც დღეს უხელფასო შვებულებაშია გაშვებული და ვინც არ იცის, ხვალ ექნება თუ არა სამსახური" — განაცხადა დავით ბაქრაძემ.