დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

"დღეს პარლამენტი შეიკრიბება და შეკრებისთანავე დამტკიცდება შესაბამისი აქტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის აბსოლუტურად დროული, ზუსტი დროა შერჩეული ამ აქტის გამოსაცემად, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და შესაბამის დეკრეტს, ექნება სრული მხარდაჭერა", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი და პრემიერი შესაბამის დოკუმენტს ხელს მოაწერენ. საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭს დღეს, 21 მარტს 18:00 საათზე უყრიან. მანამდე, 17:30 საათზე, ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.

ცნობილია ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტში მხარს დაუჭერს ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობაც. ევროპული საქართველო ითხოვს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს: იყოს დროში გაწერილი და უნდა ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარტიის წევრები ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევენ, პარლამენტში მივლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.

საგანგებო მდგომარეობა: რა შეზღუდვები დაწესდება და რა არა

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობისას დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • აიკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება (პრემიერის განმარტებით, ეს ეხება ეკლესიასაც);
  • სასამართლო სხდომები გაიმართება დისტანციურად;
  • შეიზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ზიანი არ მიადგება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მანდატით ჩატარებას გულისხმობს.

საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ექნება უფლება:

  • აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაარეგულიროს ფასები;
  • დაადგინოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები;
  • დაადგინოს საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები;
  • დაადგინოს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
  • საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, შედეგად ათეულობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას.

აქამდე შემოღებული წესებით კი შემდეგი შეზღუდვებია დაწესებული:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტროს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 48 პირი, გამოჯანმრთელებულია — 1. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: