კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლის 7 ფილიალსა და 20 საზოგადოებრივ ცენტრებში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამის მიზეზი სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტები იყო. სამინისტრო აქვეყნებს ჩამონათვალს, თუ სად შეჩერდა მუშაობა:

"იუსტიციის სახლის გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ბათუმისა და რუსთავის ფილიალში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია. ასევე, დროებით არ იმუშავებს შაშიანის, კაჭრეთის, უდაბნოს, სართიჭალის, მარტყოფის, იორმუღანლოს, კაბალის, ყაჩაღანის, ფოკას, ჩაქვის, ვალეს, ბარალეთის, კუმურდოს, წალკას, აწყურის, დმანისის, ადიგენის, სადახლოსა და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრებიც. გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა 16 მარტიდან შეწყვიტა მუშაობა. 23 მარტს გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, იუსტიციის სახლის მარნეულისა და ბოლნისის ფილიალებში, ასევე ამავე მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა საზოგადოებრივმა ცენტრმა სამუშაო პროცესი შეწყვიტა".

საქართველოში კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 9 უკვე განკურნებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა პირადი ავტომობილებისა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვები დაწესდა ტაქსებზე. კერძოდ, მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეიძლება უკანა სავარძლებზე და ფანჯრები უნდა იყოს ღია.

23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: