ჯანდაცვის სამინისტრომ თანასწორობის მოძრაობის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ჰომოსექუალი კაცებისთვის (მსმ თემისთვის) სისხლის დონაციის აკრძალვა 12 თვის ვადით განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციით თანასწორობის მოძრაობამ ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის თებერვალში მიმართა.

"რეკომენდაცია ითვალისწინებდა, რომ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ, ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაიარად: მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან). რაც სამინისტრომ დააკმაყოფილა. ცვლილება ძალაში 2020 წლის 31 მარტიდან შევა. სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ახალი რეგულაციის შემუშავება, რომელიც მსმ ადამიანებს დონაციის უფლებას შეუზღუდავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც ობიექტურად აუცილებელია დონაციის უსაფრთხოებისთვის" — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, მხოლოდ მსმ თემის ადამიანებისთვის დონაციის ყველაზე ხანგრძლივი ვადით, 10 წლიანი შეზღუდვა არსებობდა. ყველა სხვა შემთხვევაში დონაციის გადავადება ხდება ე.წ ფანჯრის პერიოდით —12 თვით.

"ამგვარი რეგულირების მიზანს წარმოადგენს პოტენციური რეციპიენტების დაცვა სისხლის გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ/შიდსისგან. მიუხედავად იმისა, რომ მსმ პოპულაცია, ზოგადად, მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, ფანჯრის პერიოდის ათვლა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში იწყება რისკის შემცველი ქცევის უკანასკნელი მომენტიდან. შესაბამისად, მსმ პირებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის შეზღუდვა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აუცილებელია სისხლის ტესტის ე.წ. ცრუ უარყოფითი პასუხის რეალური რისკების გამოსარიცხად, არათანაზომიერი და არაკონსტიტუციურია", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.