ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლებოდა ამ რთულ დროს ყოფილიყო.

ელჩი აღფრთოვანებას გამოხატავს სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის დაუღალავად შრომობს.

დიპლომატის თქმით, კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ ეკონომიკისთვისაც უდიდესი გამოწვევაა და ასეთ დროსაც ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა.

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშავო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად — საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით — საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად. ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება" — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

"ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ეს აუცილებლად ძალიან გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა", — განაცხადა ჰარცელმა.