ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რამაც, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით კინოთეატრის დახურვა გამოიწვია. მათ შორის მარკ ო'მირას ორი კინოთეატრიც, რომლებსაც ის ვირჯინიის შტატში ფლობდა.

"ეს უბრალოდ საშინელებაა. ცხოვრების განმავლობაში არაერთი ტრაგედია გადამიტანია, მაგრამ არასდროს მქონია უძილობის ან მადის დაკარგვის პრობლემა. ახლა კი, 67 წლის ასაკში შუა ღამით მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ, რადგან არსებული მდგომაროება ძალიან მაწუხებს", — ამბობს ო'მირა, რომელიც 29 წელია კინოთეატრების მფლობელია და პირველად მოუწია მათი დახურვა.

როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებულად ის აწუხებს, რომ თავისი თანამშრომლები, რომელთა უმეტესობაც 30 წელზე ნაკლები ასაკისაა, მუდმივი შემოსავლების გარეშე დარჩა (ამერიკაში ამჟამად მსგავსი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 150 000-ია).

მიუხედავად იმისა, რომ მარკ ო'მირას კინოთეატრების ბილეთების გაყიდვა აღარ შეეძლო, გამოსავალი მაინც იპოვა: მაკდონალდსის თან წაიღე სერვისის შთაგონებით ბატიბუტის დიდი ულუფების გაყიდვა დაიწყო, თითო $3-ად.

ეს იდეა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დღეში საშუალოდ 300-400 დოლარს აგროვებს, რომელსაც თავის თანამშრომლებს უხდის.

"ამ ფულით ვიღაცას უკვე მაინც შეუძლია თავისი კუთვნილი დღიური ანაზღაურება მიიღოს. როცა ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს თავისი წილი ხელფასი მივეცი, მან უცებ კალკულატორი ამოიღო, დაიანგარიშა და თქვა: "კი, ახლა შემიძლია ბინის ქირა გადავიხადო". აი, ეს ყველაფერი სწორედ ამისთვისაა", — ამბობს კინოთეატრების მეპატრონე.

როგორც მარკ ო'მირა აცხადებს, თანამშრომლებთან ერთად უკეთეს დღეში არც თვითონაა, რადგან არ იცის, შეძლებს თუ არ გადასახადების გადახდას, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის ადარდებს, რომ კრიზისის ჩავლის შემდეგ ადამიანები სტრიმინგ სერვისებს მიეჩვევიან და კინოში ნაკლებად ივლიან.

"იმ დღეს პოპკორნი რომ იყიდა, ერთმა ქალმა მითხრა: "ოჯახთან ერთად ნეტფლიქსს უნდა ვუყურო". მე კი გული დამწყდა — "რატომ მეუბნებით ამას?" ალბათ, ახლა ბავშვებთან ერთად სახლში თავს მყუდროდ გრძნობენ, მაგრამ მეშინია, რომ ამას მეტისმეტად მიეჩვევიან. იმედია, ასე არ მოხდება".