დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მარნეულში სწრაფი ტესტები არ შეუტანიათ და იქ PCR ტექნოლოგიით დაჩქარებული ტესტირება ჩატარდა. ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ TV პირველთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვით, სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია და მათ მარნეულში გამოიყენებენ.

"აღელდა ალბათ და დაჩქარებულის ნაცვლად, რომ დრო შემცირდა, იხმარა სწრაფი. ნუ გამოვეკიდებით ყველა სიტყვაზე", — თქვა გამყრელიძემ.

ეკატერინე ტიკარაძის უკვე დღევანდელ ინტერვიუს გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფო და აღნიშნა, რომ მისი განცხადება, თითქოს საქართველოში ჰონგ კონგის და შარიტეს კლინიკის გაიდლაინებს იყენებენ, მცდარია.

კლინიკა მიუთითებს მინისტრის ინტერვიუზე ტელეკომპანია იმედის ეთერში და აღნიშნავს, რომ COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე ყველა ექიმი, რომელთაც შეხება აქვთ პაციენტების მკურნალობასთან, ხელმძღვანელობს ნაციონალური პროტოკოლით.

"რომელიც შედგენილია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგების, ექსპერტთა მოსაზრებების, სხვადასხვა მედიკამენტის მოქმედების მექანიზმების და COVID-19-ის პათოგენეზის ანალიზის საფუძველზე, აგრეთვე ჯანმო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით", — აღნიშნავენ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, საქართველოში გამოჯანმრთელებული 16 პაციენტიდან 15 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ხოლო ერთი — საჩხერეში და ყველა მათგანი სამედიცინო დახმარებას ქართული პროტოკოლის მიხედვით იღებდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 16 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4695 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 231.

"ქვეყანაში არ ყოფილა ტესტირების დეფიციტი ოქროს სტანდარტით. სწრაფი ტესტი სასურველია, რომ იყოს და უნდა იყოს, მაგრამ ეს პანაცეა არ არის", — აღნიშნა გამყრელიძემ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: