აღდგომის წინადღეს, 18 აპრილს, წმინდა ცეცხლის რიტუალი ლიმიტირებულ ფორმატში ჩატარდება. ამის შესახებ გამოცემა Jerusalem Post ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო მაცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს, რომელსაც ათასობით მომლოცველი ესწრება, წელს სხვადასხვა კონფესიის მხოლოდ 10-15 წარმომადგენელი დაესწრება.

მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანაში ცეცხლს სპეციალური რეისებით ჩაიტანენ.

"ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას შესაძლოა მეტი შეზღუდვა დააწესოს, მაგრამ უკვე ორგანიზებულია რეისები რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში", — განუცხადა წყარომ გამოცემას.

გამოცემის ცნობით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი წელსაც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.