მთელ მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა თავისი გახმაურებული წიგნების სერიის თემატიკით ახალი ონლაინ პლატფორმა — Harry Potter at Home (ჰარი პოტერი სახლში) დააანონსა, რათა ბავშვებთან ერთად მშობლებმა თუ მასწავლებლებმა თვითიზოლაციაში ყოფნისას ახალი საინტერესო თავშესაქცევი იპოვონ.

ახალი პლატფორმა ისეთი ცნობილი გამომცემლობების დახმარებით შეიქმნა, როგორებიცაა Bloomsbury და Scholastic. ამ საიტზე გადააწყდებით შემეცნებით ვიდეოებს, სასაცილო სტატიებს, ქვიზებსა და ფაზლებს, რაც ჰარი პოტერის მოყვარულებთან ერთად, იმათაც მოეწონებათ, ვისაც ჯერ ეს ჯადოსნური სამყარო არ აღმოუჩენიათ.

საიტზე ასევე განთავსებულია ჯადოსნური სერიის პირველი ნაწილის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა აუდიოწიგნი, რომლის მოსმენაც მომხმარებლებს სრულიად უფასოდ 20 სხვადასხვა ენაზე შეუძლიათ.

"მშობლები, მასწავლებლები და მომვლელები კარანტინისას მუდმივად ბავშვების გახალისებასა და გართობას ცდილობენ. ამისათვის კი, შესაძლოა, მცირედი ჯადოქრობა იყოს საჭირო და მეც სიხარულით ვაანონსებ ამ ახალ პლატფორმას — http://harrypotterathome.com", — დაწერა მწერალმა ტვიტერის პირად ანგარიშზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ჯოან როულინგმა კარანტინის გამო მასწავლებლებს შესაძლებლობა მისცა ონლაინ გაკვეთილების ფარგლებში ჰარი პოტერის სერიის წიგნები წაეკითხათ მოსწავლეებისთვის და სერიის შვიდივე წიგნის ონლაინ გადმოწერის უფლება მისცა.