სახალხო დამცველი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ანგარიშში წერს, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ჩვენებებში რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემას უარყოფენ. ომბუდსმენის თქმით, მინისტრი და მისი მოადგილეები აცხადებდნენ, რომ მათ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცეს.

ომბუდსმენის მიგნებით, 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისას არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა. ასევე, ანგარიშის კიდევ ერთი მიგნებაა, რომ არ არის მოპოვებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, მეთოფეების სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია.

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ჩვენებაში უთითებს, რომ 23:30 საათზე, როცა პოლიციელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მან რაციით გადასცა ინფორმაცია მოადგილეებს და მინისტრის თანხმობით მიიღო გაზის გამოყენების ბრძანება. როგორც იგი უთითებს, შეიტყო, რომ ზოგმა მეთოფემ საკუთარი ინიციატივით გამოიყენა რეზინის ჭურვები. [...] უთითებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუცია.

ანგარიშის თანახმად, იმავეს ამბობენ სამმართველოს უფროსებიც. მათი თქმით, გაზის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა დეპარტამენტის დირექტორმა, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გაცემული არ ყოფილა.

ანგარიშში საუბარია იმ პირთა ჩენებებზეც, ვინც 2019 წლის 20-21 ივნისს თოფები გამოიყენეს. ისინი განმარტავენ, რომ ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე მეთოფეებმა ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები გამოიყენეს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე.

ომბუდსმენის ცნობითვე, მათ მიუთითეს, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა, არ უბრძანებიათ შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ჩვენებები ფაქტობრივად იდენტური ინფორმაციის შემცველი იყო ამ მიმართებით.