შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსი მუტაციის შედეგად უფრო მომაკვდინებელი და გადამდები გახდება ბუნებრივია, თუმცა ამავდროულად უსაფუძვლოც. მართალია, ვირუსებს მსოფლიოში გავრცელებასთან ერთად დროთა განმავლობაში მუტაცია ახასიათებთ. ისიც მართალია, რომ მუტაციის შედეგად ვირუსი შესაძლოა უფრო აგრესიული და დამანგრეველი გახდეს, თუმცა ამის ალბათობა მინიმალურია.

შოუ-ბიზნესმა მუტაციის შესახებ წარმოდგენის შექმნაში სერიოზული როლი ითამაშა. მაგალითისთვის, 2003 წლის პოსტაპოკალიპტურ ფილმ "28 დღის შემდეგ"-ში ებოლა ვირუსის მუტაციამ საზოგადოებაში ქაოსი შექმნა, სინამდვილეში კი "მუტაცია რნმ-ვირუსების ყველაზე სუსტი მხარეა",— წერს იელის ინსტიტუტის მიკრობული დაავადებების ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტი ნათან გრუბო. ჟურნალ Nature Microbiology-ის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში გრუბო აღნიშნავს, რომ SARS-CoV-2 რნმ-ვირუსად ითვლება, რადგან მისი გენეტიკური მასალა არა დნმ-ისგან , არამედ რნმ-ისგან შედგება. იგი მეცნიერებს და ფართო საზოგადოებას მუტაციის საკითხის ირგვლივ სპეკულაციებისგან თავის შეკავებას ურჩევს. CNN-თან საუბარში გრუბო აღნიშნავს, რომ დეზინფორმაცია "შეიძლება დაავადების მსგავსად დამანგრეველი აღმოჩნდეს".

სანამ ვირუსის მუტაციის გამო ვინერვიულებთ, მოდით გავიგოთ როგორ განიცდის ვირუსი მუტაციას. ყოველ ჯერზე, როცა ვირუსი საკუთარი თავის რეპლიკაციას ახდენს, იგი საკუთარი გენომის ასლს ქმნის. რნმ-პოლიმერაზა ის მექანიზმია, რომლითაც ვირუსი საკუთარი თავის ასლს ქმნის, რა დროსაც ის ბევრ შეცდომას უშვებს. შედეგად მიღებული ვირუსის გენომის ასლი, როგორც წესი შემთხვევითობების კომბინაციას წარმოადგენს, რომელსაც შემდგომ მუტაციას უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ მუტაციას ხშირ შემთხვევაში ვირუსზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ზოგი მუტაცია ვირუსზე საერთოდ არ ახდენენ გავლენას და მათ "ნეიტრალურ მუტაციას" უწოდებენ. ისინი დიდი ხნით ტოვებენ კვალს ვირუსში და ვერ აძლიერებენ მის სიცოცხლისუნარიანობას. მეტიც, გრუბოს მტკიცებით მუტაციამ შესაძლოა ვირუსი მისი კოპირების მცდელობისთანავე "მოკლას".

ზოგ მუტაციას ნამდვილად შეუძლია ვირუსის რეზისტენტობის ნაწილობრივი გაზრდა. მაგრამ იმისთვის, რომ ვირუსის მუტირებულმა ნაწილმა მის საერთო პოპულაციაზე გავლენა იქონიოს — რაც ახალ შტამად კლასიფიცირდება — მუტაცია ვირუსის ყველა მომდევნო ასლში უნდა მოხვდეს. ამისთვის კი ვირუსის მუტირებულ ნაწილს მაღალი რეზისტენტობა დასჭირდება.

ვირუსის გავრცელების და დაავადების უნარი ერთდროულად რამდენიმე გენით კონტროლდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სელექციურად ხელსაყრელი მუტაციის მისაღებად ვირუსში ერთდროულად რამდენიმე გენის ერთნაირი ცვლილება უნდა მოხდეს. გრუბოს აზრით შანსები იმისა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება, მინიმალურია.

"როგორც ჩანს SARS-CoV-2-ის მუტაცია უმნიშვნელოა. შესაბამისად ვაქცინები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ ადამიანებს დიდი ხნით დაიცავს",— აცხადებს გრუბო.

აღსანიშნავია, რომ COVID-19 შედარებით ნელა, მაგრამ მაინც მუტირებს. გასულ კვირაში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ფიზიკოსმა, პიტერ ტილენმა, რომელიც ვირუსის შტამებს იკვლევს Washington Post-თან საუბარში აღნიშნა, რომ უჰანსა და აშშ-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ვირუსის ნიმუშებს შორის 10-მდე გენეტიკური განსხვავება ფიქსირდება, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ეს გარემოება თავის მხრივ ვაქცინის შემუშავების პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

მართალია, სახიფათო მუტაციის ალბათობა მაინც არსებობს, თუმცა გრუბოს განცხადებით "ეს არაფერს შეცვლის. იმ დროისთვის, როცა ჩვენ ვირუსის კონკრეტული მუტაციის გავლენას შევისწავლით, პანდემია დიდი ალბათობით უკვე დასრულებული იქნება".