დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო 60 წელს ზემოთ მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინაციას გეგმავს. ამ თემაზე მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელი კოლეგებისა და საუკეთესო ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე მიიღეს.

მინისტრის განმარტებით, შედეგბმა აჩვენა, რომ საქართველოში პაციენტებს შორის ყველაზე ხშირი პნევმონიაა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მოწყვლადი ჯგუფების აცრა იგეგმება.

"ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია, რომლებზეც ვცდილობთ ვაქცინაცია განვახორციელოთ და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მსჯელობენ, რომ პნევმოკოკის ვაქცინა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში შევიდეს და ყოველწლიურად მოხდეს ვაქცინის განახლება.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 36 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: