COVID-19 ან კორონავირუსი, რესპირატორული ინფექციაა, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ჯანმო-ს მიერ პანდემიად გამოცხადდა. სოც.ქსელებში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომელთა მტკიცებითაც ინფიცირების ერთ-ერთი წყარო 5G ქსელია. რბილად რომ ვთქვათ, აღნიშნული ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება.

რა არის 5G ქსელი და შეუძლია თუ არა მას ვირუსის გავრცელება?

5G წარმოადგენს უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობას, რომელსაც სმარტფონები და სხვა მობილური მოწყობილობები ინტერნეტ კავშირისთვის იყენებენ. მისი წინამორბედი 4G LTE და 3G ქსელების მსგავსად, იგი რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება, რომლებიც ადამიანისთვის უსაფრთხო ელექტრომაგნიტურ სპექტრს არ აღემატება.

5G ქსელის წინააღმდეგ აგორებული შეთქმულების თეორიის მხარდამჭერების თქმით რადიოტალღების გამოსხივება ადამიანების ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს . როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გამოსხივება თავისთავად არ ნიშნავს რაიმე საზიანოს. რადიოტალღები არაა იონიზებადი და არ იწვევენ ელექტრონების გაღიზიანებას, შესაბამისად 5G ვერ დააზიანებს დნმ-ს, ვერ გამოიწვევს სიმსივნეს ან კორონავირუსით დაინფიცირებას. მართალია, 5G ქსელის რადიოტალღები უფრო მაღალ სიხშირეს იყენებენ, თუმცა მისი ელექტრომაგნიტური გამოსხვივება საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილ ნორმაზე ბევრად დაბალია. ნებისმიერი კვლევა, რომელიც ამის საპირისპიროს ამტკიცებს, საფუძველშივე მცდარია.

არც ერთი ავტორიტეტული კვლევა არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 5G ქსელიადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. აქვე დავამატებთ, რომ დღეს კორონავირუსის ფართო გავრცელება ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, სადაც 5G ქსელი საერთოდ არაა, მაგალითად ირანში.

დეზინფორმაცია ვირუსზე საშიშია

5G ქსელის ირგვლივ აგორებული უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიების ტალღამ დიდ ბრიტანეთს ისედაც რთულ პერიოდში უფრო დიდი პრობლემები შეუქმნა. BBC-ს ცნობით ქვეყანაში 5G ქსელის კოშკების დაზიანებამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

"უაღრესად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ადამიანები ქვეყნის საგანგებო ვითარების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ანადგურებენ" — აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დირექტორი, სტივენ პოვისი.