იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ პოლიცია ეკლესიაში ვერ შეიჭრება და მრევლს ეკლესიიდან "ქეჩოთი" ვერ გამოიყვანს.

ასე უპასუხა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში კითხვას, რატომ არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობისას 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა ეკლესიებში.

"ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში. თქვენ გინდათ, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში, ეს ვერ მოხდება. თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან, ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება, არ უნდა იყოს და ეს სწორია", — განაცხადა წულუკიანმა.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

სამი რეკომენდაცია:

  • კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის;
  • აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები;
  • ყოველდღიურად ხშირად უნდა გაიწმინდოს ხატები და სიწმინდეები (სპირტისა და ვარდის წყლით), ასევე, დამუშავდეს იატაკი და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოიყოს პასუხისმგებელი პირები.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

მინისტრთა კაბინეტის წევრები უარს ამბობენ ეკლესიაში მისვლაზე და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: