ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინა ტიკარაძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადე დაცვის კომპონენტს სრულად აკმაყოფილებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მიმოთქმა. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციის კუთხით. ჩვენ ასევე გავიარეთ გარკვეული კონსულტაციები და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, სრულად დაკმაყოფილებულია", — აღნიშნა ტიკარაძემ.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. პირბადეების ხარისხი სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია. მისივე თქმით, პირბადეები ცენტრმა შეამოწმა და რეკომენდაციაც მისცა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა საწყის ეტაპზე სახელმწიფო აფთიაქებს 400 000 პირბადეს მიაწვდის, რომლის ფასიც 50 თეთრი იქნება. ერთ ადამიანს 3 ცალი პირბადის შეძენა შეეძლება.