კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ლენტეხში შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ლენტეხთან ამოქმედდება იგივე შეზღუდვები, რაც დაწესებულია მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში — აკრძალულია ლენტეხში შესვლა და გამოსვლა.

"დღეიდან ლენტეხში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გადაადგილების საშუალება, საკვებისა და წამლების შეძენის საშუალება. სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით, ამ რაიონის მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოებს შეძლებენ. ასევე, ლენტეხში იმოქმედებს ადგილობრივი მედია, ხოლო სხვა მედიასაშუალებებმა უნდა გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცია. ბოლნისის და მარნეულის მსგავსად ლენტეხის შესასვლელს და გამოსასვლელს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. უკვე დაწყებულია ადგილზე თერმოსკრინინგი", — განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზეა მოცემული. დადასტურებულ შემთხვევებს შორის გამოჯანმრთელებულია 54 ადამიანი. ინფიცირებულებს შორის კი გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 908 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: