პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 79 წლის კაცი, რომელსაც ორმხრივი მწვავე პნევმონია ჰქონდა. ექიმი განმარტავს, რომ ამ პაციენტთან ორჯერ უარყოფითი პასუხი მიიღეს კოვიდ ინფექციაზე და რამდენიმე საათში კლინიკას დატოვებს:

"79 წლის კაცთან დადასტურებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, პაციენტის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, ალაგებულია ფილტვის დაზიანების სურათი, ორჯერადად მიღებულია უარყოფითი შედეგი და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას", — უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 24 კვირის ორსულ ქალსაც უკვე ორჯერადად უარყოფითი პასუხი აქვს კორონავირუსზე. ასევე, 80 წლის ქალი 18-დღიანი მკურნალობის შედეგად კორონავირუსისგან განიკურნა.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 252-მდე გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე 12 აპრილს განახლდა. ინფიცირებულთა შორის, გამოჯანმრთელებულია 63 ადამიანი და გარდაცვლილია 3 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: