თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ, გამარჯვებული საქართველოს ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს არგუმენტად მხოლოდ ის ჩვენებები ჰქონდა, სადაც პოლიციელების თქმით, აქციაზე ხალხის მასა აწვებოდათ და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილიც. მისი თქმით, ოქრუაშვილი სასამართლომ ორგანიზების ნაწილში გაამართლა.

"ორი ნაწილისგან შედგებოდა ბრალდება, ძალადობის ორგანიზებას აბრალებდნენ და ამ ძალადობაში მონაწილეობას, ხელმძღვანელობაში გაამართლა მოსამართლემ. მონაწილეობაში ის, რაც თქვენ კადრები ნახეთ, ასობით ადამიანი იყო, მაგრამ მაინც და მაინც ირაკლი ოქრუაშვილი გამოარჩიეს ამ შემთხვევაში და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა", — თქვა ადვოკატმა მედიასთან საუბრისას.

ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაპატიმრებული. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

19 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა, თუმცა მიიჩნია, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით რისკები ისევ არსებობს და ამ მიზეზით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

20-21 ივნისის მოვლენებს საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იძიებს. 20 ივნისის საქმეზე ამ დრომდე 20-მდე პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ორი პოლიტიკური ლიდერი, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი.

ამავე თემაზე: რა მოხდა 20 ივნისს თბილისში — მოკლედ