გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მთავრობაში რომ იყოს, ხალხს მოუწოდებდა იმ ადამიანებს მორიდებოდნენ, რომლებიც ეკლესიაში დადიან. ამის შესახებ მან On.ge-სთან განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული შეზღუდვები "საღ აზრს მოკლებულია" და ვირუსის გავრცელების შეკავებასთან არანაირი კავშირი აქვს. თუმცა, მიაჩნია, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, თანასწორად უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე და პრივილეგირებული ჯგუფები არ უნდა არსებობდნენ.

"მე არ მჯერა, რომ სახელმწიფო ეკლესიაში უნდა შევარდეს და მრევლი დააკავოს და დააჯარიმოს. მგონია, რომ ყველაფერი არის სიგიჟე. ჯერ ერთი ეს შეზღუდვები გასაუქმებელი არის, მაგრამ რასაც საპატრიარქო აკეთებს, არის რისკის გაზრდა იმისა, რომ ვირუსი გავრცელდეს. განსაკუთრებით, როდესაც საუბარი არის ერთი კოვზით ზიარებაზე", — განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ამბობს ხელისუფლებას საპატრიარქოსთან არ აქვს ისეთივე "გული", როგორიც აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, რომელთაც აჯარიმებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურებები გრძელდება და მრევლი სოციალური დისტანციის დაცვით წირვებს ჩვეულ რეჟიმში ესწრება.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებშ სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცლილია 3 ადამიანი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: