დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბზობის დღესასწაულზე სახელმწიფოს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა. ასე უპასუხა მან კითხვას, როგორია სახელმწიფოს პასუხი იმაზე, რომ ბზობაზე ბევრი ადამიანი შეიკრიბა და ისინი დისტანციას არ იცავდნენ.

"აბსოლუტურად გულწრფელად, ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არა, აღსრულების ნაწილში გამკაცრება იგეგმება". — განაცხადა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია იგულისხმება თუ არა მრევლის დაჯარიმება ეფექუტრ მუშაობაში.

მანვე აღნიშნა, რომ დაჯარიმებები იყო, თუმცა არასერიოზული იქნება მისგან იმის თქმა, რომ დაჯარიმდა ყველა ის ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია.

მაშინ, როცა საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას კომენდანტის საათის დროს გეგმავს, გახარია აამტკიცებს, რომ სახელმწიფოს პოზიციით, კანონის წინაშე ყველა ერთიანია, თუმცა თავადვე ამბობს, რომ სააღდგომოდ ეკლესია არ დაიხურება. მისი თქმით, ამ ბრძოლიდან უნდათ გამოვიდნენ ისე, რომ არ დაანგრიონ არც სახელმწიფო და არც ეკლესია.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვიცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილში, ასევე, სახელმწიფოს ინსტიტუტების მნიშვნელობის ნაწილში და კანონის დარღვევის მნიშვნელობის ნაწილში, ისევე, როგორც ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში. გამოწვევა გახლავთ სწორედ ის, რომ ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთობლივად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერი არ არის", — განაცხადა მან.

გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გრძელდება და 15 აპრილის 21:00 სააათიდან კი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 10 დღით შესვლა და გასვლა აიკრძალება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროანვირუსით ინფიცირების 296 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულებიდან გარდაიცვალა 3 და გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: