გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რესურსების შემცირების დრო არ არის. ამით გუტიერეში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას წყვეტს.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ საერთო გლობალური ბრძოლის დროა.

"ახლა ერთიანობის დროა. საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმუშაოს ამ ვირუსისა შესაჩერებლად", — განაცხადა გუტიერეშმა.

სამშაბათს, 14 აპრილს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას დროებით წყვეტს.

ტრამპის თქმით, დაფინანსება 60-90 დღის განმავლობაში შეწყდება, ამ დროის განმავლობაში ისინი კორონავირუსის მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხს გააანალიზებენ და შეაფასებენ. ტრამპმა WHO-ს კრიზისის "უკიდურესად ცუდად მართვაში და საფრთხის დამალვაში" დასდო ბრალი.