73 წლის მიშა ყარაულაშვილი, რომელიც ბზობას ეკლესიის წინ ტიტების გაყიდვისას დააჯარიმეს, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მეყვავილე ამბობს, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა.

"ხომ ვიცოდი, რაც იყო ჩვენი საქართველო და ყველა რომ მხარში ამომიდგა, ამის შემდეგ ჩემს ქართველებს ვენაცვალე. მე მიყვარს სულ ყველა.

ჩვენ თელაველებს ვენაცვალე, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ამბავი. იმის შემდეგ ცხოვრება შეიცვალა ჩემთან. დიდი მადლობელი ვარ სულ ყველას", — განაცხადა მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

მიშა ყარაულაშვილს, რომელიც 9 ტიტის გაყიდვისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს, უკვე 10 ათასი ლარი შეუგროვეს. როგორც მოძრაობა დავეხმაროთ მოხუცებს ამბობს, მიშა ბაბუს თანხას 16 აპრილს გადასცემენ.

მიშა ბაბუს ვიდეო, სადაც ის დაჯარიმების შესახებ ყვება 14 აპრილს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

"გამოვედი წამლის საყიდლად ოთხის ნახევარზე და გამოვაყოლე 70 ტიტა. ავედი ვთქვი, რომ წამლის ფული არ მქონდა და უნდა მივსულიყავი და წამალი გამომეტანა. დავდექი ეკლესიის წინ და ვცდილობდი რომ გამეყიდა. გავყიდე 9 ცალი, 9 ტიტა და ამის გულისთვის დამაჯარიმეს 3 000 ლარით. ავიღე 6 ლარი. [...] პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, მაგრამ არ გაითვალისწინეს", — ამბობს ის.

ბზობაზე საქართველოს ეკლესიებში ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის მიუხედავად, ისინი არ დაუჯარიმებიათ.