დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, პატრიარქის ძმის შვილის, დიმისტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი ღამით, მრევლის გარეშე. ამის შესახებ ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პატრიარქთან შეთანხმებულია.

"მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც მდებარეობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და თავად მეუფე დიმიტრიც ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება, ყველას მიეცემა საშუალება სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება", — თქვა იოანე გორელიშვილმა.

პრესსპიკერის თქმით, სამრევლო ტაძრებში ღვთისმსახურება დილის 7 საათზე დაიწყება, რათა მრევლს კომენდანტის საათთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნას. იოანე მგალობლიშვილმა მოუწოდა მრევლს, რომ ერთმანეთს აღდგომის ღამეს ფანჯრებში ანთებული სანთლებით შეეგებონ და მიულოცონ აღდგომა.

დღეს, 15 აპრილს სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 306 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 71, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 990 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: