ჯერ კიდევ მარტში ცნობილი გახდა, რომ წელს დაგეგმილი კანის საერთაშორისო კინოფესტივალი დაანონსებულ პერიოდში — 12-23 მაისს — ვერ გაიმართებოდა. ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ ფესტივალი ივნისში მაინც ჩატარდებოდა, თუმცა არც ეს მოლოდინი გამართლდა.

13 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მკაცრი იზოლაციის წესები და მასობრივი შეკრების შეზღუდვა მინიმუმ ივლისამდე გახანგრძლივდება. შესაბამისად, კანის ფესტივალის ივნისში სავარაუდოდ ჩატარების გეგმაც ჩაიშალა.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ფესტივალის ზაფხულში გამართვის შესაძლებლობას აღარ განიხილავენ:

"საფრანგეთის პრეზიდენტის დადგენილების მიხედვით, კანის 73-ე კინოფესტივალი ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ვეღარ გაიმართება. გვიჭირს ვივარაუდოთ, წელს ფესტივალი თავისი ორიგინალური ფორმით თუ ჩატარდება საერთოდ, ", — ვკითხულობთ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ისინი კინოინდუსტრიის სპეციალისტებთან თანამშრომლობით ალტერნატიული გზების გამონახვას ცდილობენ:

"იმისათვის, რომ წლევანდელი ფესტივალი შედგეს, სხვადასხვა გამოსავალს ვეძებთ და ვიმედოვნებთ, რომ მალე შევთანხმდებით წლევანდელ ფორმატზე".