ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში მათ კორონავირუსის მილიონი ვაქცინა მაინც ექნებათ მზად.

თუმცა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო, რომელიც პროექტს აფინანსებს, ამბობს, რომ გარანტიები არ არსებობს და ვაქცინის დამზადების ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია. ასევე, ნაადრევია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება ის. ექსპერტთა უმეტესობის მიხედვით, ვაქცინის შექმნასა და წარმოებას 12-დან 18 თვემდე სჭირდება.

COVID-19-ის ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს მასშტაბით 80 გუნდი მუშაობს, მათ შორის დიდი ფარმაცევტული კომპანიები, ზოგიერთმა მათგანმა კი ადამიანებზე ცდებიც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კვლევები წარმოუდგენელი სისწრაფით მიმდინარეობს — სამუშაოები, რომლებსაც წლები სჭირდება, რამდენიმე თვეში ხორციელდება.

ოქსფორდის კვლევაში მონაწილეობას პირველი პაციენტები მომდევნო კვირაში დაიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდი პანდემიებისთვის კორონავირუსის აფეთქებამდეც ემზადებოდა. მათ უკვე შექმნილი ჰქონდათ გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი, რომელიც ახალი ვაქცინის საფუძველს წარმოადგენს. მეცნიერებმა მასში ახალი კორონავირუსის გარკვეული ნაწილი ჩააშენეს და მიიღეს უსაფრთხო ვირუსი, რომელიც, წესით, იმუნურ სისტემას COVID-19-თან ბრძოლას ასწავლის.

თუმცა მთავარი კითხვა ის არის თუ რამდენად კარგად იმუშავებს ექსპერიმენტული ვაქცინა. პროფესორი სარა გილბერტი, რომელიც ვაქცინაზე მუშაობს, მის ეფექტიანობაში 80%-ით დარწმუნებულია.

"ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ამ ტექნოლოგიას დიდი ხანია ვიცნობ, MERS-ის ვაქცინის კვლევეზეც მიმუშავია და მინახავს, თუ რა შეუძლია მას. ჩემი აზრით ამ ვაქცინას დიდი შანსი აქვს", — აცხადებს გილბერტი.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იციან იმუშავებს თუ არა ვაქცინა, გუნდი მის მასიური წარმოების გეგმაზე უკვე მუშაობს.

"ჩვენი მიზანია, რომ სექტემბრისთვის მილიონი დოზა მაინც გვქონდეს, იმისთვის, რომ როდესაც ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ შედეგებს ვიხილავთ, სწრაფად მოქმედება შევძლოთ", — განაცხადა პროფესორმა ადრიან ჰილმა.

მკვლევრეს იმედი აქვთ, რომ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ პასუხი მომდევნო რამდენიმე თვეში ექნებათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეცნიერების უმეტესობას მაინც მიაჩნია, რომ ვაქცინის მისაღებად 12-18 თვე ბევრად უფრო რეალისტური ვადაა.