ქუთათელ-გაენათელი მეუფე იოანე კანონის დარღვევას ამჯერად 21 აპრილს სასაფლაობზე გასვლითა და პანაშვიდის გადახდით აპირებს. სასულიერო პირის კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სასაფლაოები 27 აპრილამდე დაიკეტა, მეუფეს ჰგონია, რომ ხელისუფლება ხელს არ შეუშლის.

"რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენი ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება. 21 სწორედ სამშაბათია. ასე რომ სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ", — განაცხადა მეუფე იოანემ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები 10 დღით დაიკეტა. მთავრობის განცხადებით, აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.