პროკურატურის განცხადებით, ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. შემთხვევა 19 აპრილს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნასვამი იყო და ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ ქალს.

უწყების განცხადებით, შსს-ს თანამშრომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.