დიდი ბრიტანეთი პლაზმით თერაპიას იწყებს, რაც ნიშნავს, რომ ექიმები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლს ინფიცირებულთა მკურნალობისთვის გამოიყენებენ. ექიმებს იმედი აქვთ, რომ გამოჯანმრთელებულების მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები ინფიცირებულებს დაეხმარება. ამისთვის კი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს სისხლის დონაციის განყოფილება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს სისხლის დონაციას სთხოვს.

დიდ ბრიტანეთში პლაზმით მკურნალობაზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. უეილსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა ახლახან განაცხადა, რომ პლაზმის ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავენ. ლონდონის სამი უდიდესი ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი რობერტ ლეჩლერიც ანტისხეულების შესახებ პატარა კვლევის ჩატარებას გეგმავს.

მას სურს, რომ პლაზმა მძიმე პაციენტებისთვის გამოიყენოს, რომლებსაც მკურნალობის სხვა გზა აღარ აქვთ.

"იმედგაცრუებული ვიქნები თუ უახლოეს რამდენიმე კვირაში ზოგიერთ პაციენტს პლაზმის თერაპიით ვერ ვუმკურნალებთ", — განაცხადა პროფესორმა ლეჩლერმა.

პროფესორის აზრით, დიდი ბრიტანეთი მკურნალობის გამოცდას საკმაოდ ნელა ახორციელებს და ეს უნდა შეიცვალოს.

"ჩემი აზრით, როდესაც ამ პანდემიას უკან გადმოვხედავთ, ვიტყვით თუ რატომ არ ვმოქმედებდით უფრო სწრაფად", — აცხადებს ის.

რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში?

პლაზმის თერაპიასთან დაკავშირებული კვლევები მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. სულ რაღაც სამ კვირაში, აშშ-ის მეცნიერებმა ეროვნული კვლევის ორგანიზება შეძლეს, სადაც 1 500-მდე საავადმყოფოა ჩართული. პროექტს კი მაიოს კლინიკის პროფესორი მაიკლ ჯოინერი უძღვება.

"მკურნალობის დაწყებიდან ერთ კვირაში არანაირი დარღვევა არ შეგვიმჩნევია და, როგორც ჩანს, მკურნალობა გაუთვალისწინებელ გვერდით მოვლენებს არ იწვევს", — განაცხადა ჯოინერმა.

"პლაზმის შესახებ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. ჩვენ მის შესახებ ბევრი რამის სწავლას ვაპირებთ — მისი კომპონენტების, ანტისხეულების დონის, ისევე როგორც დანარჩენი აუცილებელი ფაქტორების", — თქვა მან.

როგორ დაეხმარა პლაზმით მკურნალობა წარსულ პანდემიებს?

გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის გადასხმა მედიცინაში ახალი ნამდვილად არაა. მას დაახლოებით ასი წლის წინ გავრცელებულ ესპანური გრიპის დროსაც იყენებდნენ, ისევე როგორც ებოლასა და SARS-ის შემთხვევებში.

თუმცა, მისი ეფექტიანობის შესახებ მხოლოდ მცირემასშტაბიანი კვლევებია ჩატარებული და საკმაოდ ბევრი რამ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ აშშ მოხალისეთა სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. ნიუ-იორკის სისხლის ცენტრის ხელმძღვანელმა ბრუს საჩაიამ განაცხადა, რომ ადამიანები საოცრად მონდომებულები არიან და მათ დახმარება სურთ.

"ჩვენ უამრავი დონორი გვყავს და უკვე 1 000 ერთეულის შეგროვება შევძელით. საკმაოდ დამაიმედებია, როდესაც ხედავ ადამიანებს, რომლებმაც ეს ინფექცია გადაიტანეს და ახლა სხვების დახმარებაზე ფიქრობენ", — აცხადებს საჩაია.

მეცნიერების თქმით, პლაზმა ვირუსის უნივერსალური მკურნალი ვერ იქნება, თუმცა რადგან მკურნალობის გზების სიმწირეს განვიცდით, ვაქცინის შექმნამდე ის საკმაოდ დამაიმედებელ მეთოდად გამოიყურება.