21 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 2 553 853;
  • გარდაცვლილი — 176 323;
  • გამოჯანმრთელებული — 679 748.

მდგომარეობა საქართველოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 408;
  • გამოჯანმრთელებული — 97;
  • გარდაცვლილი — 4;
  • კარანტინის რეჟიმში — 5 015;
  • სტაციონარში — 573;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.

დღის ფაქტი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებენ

ფოტო: Sean Elias/PA

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა სამშაბათს განაცხადა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათს დაიწყება.

"ჩვეულებრივ, აქამდე მიღწევას წლები დასჭირდებოდა, მე ძალიან ვამაყობ შესრულებული სამუშაოთი", — აცხადებს ჰენკოკი.

ჰენკოკის თქმით, ის ოქსფორდის მეცნიერებისთვის 20 მლნ ფუნტ სტერლინგს გამოჰყოფს, დამატებით 22,5 მლნ ფუნტ სტერლინგს კი ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებისთვის.

დღის ფოტო

ფლორიდაში პოლიციის თანამშრომლებმა მანქანებით გული გააკეთეს და სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადეს

ფოტო: Reuters

დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში

კორონავირუსით მსოფლიოში უკვე 2,5 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ვირუსის შედეგად 176 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი — 820 ათასი აშშ-შია დაფიქსირებული, სადაც 44 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ფოტო: Getty Images

რა ხდება მსოფლიოში

დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაშია

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 22 მაისამდე აპირებს. ამასთან მსუბუქი მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვა 27 აპრილამდე იქნება ძალაში. 27 აპრილიდან იგეგმება სხვადასხვა შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის გადაადგილებაზე.

როგორც მთავრობაში ამბობენ, ისინი დეტალურ გეგმას წარადგენენ თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან და ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ამასთან, 24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაც იგეგმება.

რა ხდება საქართველოში

სანამ მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საქართველოში კი ეპიდემიის პიკის დადგომამდე სამ კვირას მესამე კვირაა ითვლიან, ქართული ოცნების თავმჯდომარე დროს არ კარგავს და ერთობა. ივანიშვილი, რომლის გამოჩენასაც მედია თებერვლის შემდეგ და უფრო ადრეც ელოდა, არც მეტი არც ნაკლები, TikTok-ზე გამოჩნდა.

TikTok-ზე მის ვიდეოს კრიტიკულად შეხვდნენ ოპოზიციური პარტიები. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს რეალობისგან მოწყვეტის "უნიჭო დემონსტრირებაა". ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით, ეს ვიდეო საზოგადოების შეურაცხყოფაა.

ამავე თემაზე:

გარდა ამისა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კორონავირუსის მკურნალობისას პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე კორონავირუსის მკურნალობის ქართული პროტოკოლი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ სწორედ ამ პროტოკოლის მიხედვით, პრეპარატ პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც დაუშვებელი და სახიფათოა.

ქართული პროტოკოლის თანაავტორმა და კორონავირუსის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კი ზურაბ გურული "ფაქტობრივი ტყუილის გავრცელებაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართული პროტოკოლით პრეპარატი მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს ენიშნებათ.

ამ ამბებს დაემატა რადიო თავისუფლების მიერ მომზადებული ინტერვიუ ერთ-ერთ ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ამბობს, რომ მსუბუქი სიმპტომების მიუხედავად, პლაქვენილი დაუნიშნეს.

გაიგეთ მეტი:

სხვა მნიშვნელოვანი ამბები

სასარგებლო ინფორმაცია

როგორ უნდა გადაადგილდეს პაციენტი ან მისი თანხმლები პირი მანქანით — სამინისტროს ინსტრუქცია

ფოტო: Shutterstock

27 აპრილამდე ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხებათ გამონაკლის შემთხვევებს, მათ შორის მათ, ვისაც საავადმყოფოში გეგმიური სამედიცინო მომსახურება(დიალიზი, ქიმიო/ჰორმონოთერაპია, მშობიარობა და ა.შ) სჭირდება.

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები

ნახეთ წინა შეჯამებები: