პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობის ცხელი ხაზი 144 შეფერხებით იმიტომ მუშაობდა, რომ ქსელი გადაიტვირთა. მისი თქმით, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 144-ზე 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა.

ჩიქოვანმა ბოდიში მოუხადა მომხმარებლებს ხარვეზის გამო და მოუწოდა მათ, როცა ეს ცხელი ხაზი არ მუშაობს, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად 112-ში არ დარეკონ. მან აღნიშნა, რომ 144 მუშაობას გააგრძელებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი, თუ ცხელი ხაზი ისევ გაჭედავს.

"თქვენ იცით, რომ 112 ფუქნციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან, ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. უმორჩილესად მინდა გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ მხოლოდ და მხოლოდ 144-ს", — განაცხადა მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

გუშინ, 21 აპრილს 144 შეფერხებით მუშაობდა. ათეულობით ადამიანი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებდა. ამ მიზეზის გამო, მოქალაქე, რომელსაც მომაკვდავი ლეკვი ვეტერინართან მიყავდა, 3 000 ლარით დააჯარიმეს.