საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში რეფორმების საკითხზე ვიცე-პრემიერობა შესთავაზა. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქზე დაპოსტა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ის პრემიერმინისტრ დენის შმიგალსაც შეხვდა. მისივე თქმით, უკრაინის უმაღლეს რადას ის თავის ხედვებს მთავრობის გეგმის ფარგლებში წარუდგენს.

"პრეზიდენტის გუნდთან ერთად მზად ვარ, რომ უკრაინის პარლამენტში ყველა პატრიოტულ ძალასთან და საზოგადოებაში არსებულ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ვიმუშაო, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით შეძლოს აღნიშნული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. იმედი მაქვს, ხალხის რაიმე სასარგებლოს გაკეთებით გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და უკრაინას გამოვადგები", — წერს სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის ვიცე-პრემიერის კანდიდატურაზე განხილვის შესახებ უკრაინულმა მედიებმა დღეს, 22 აპრილს დაიწყეს. ამის შემდეგ ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის მმართველი პარტიის ხალხის მსახურის დეპუტატმა, ალექსანდრ კაჩურამ. მისი თქმით, ფრაქციის დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის რადის რიგგარეშე სხდომამდე შეხვდებიან, რომელიც 24 აპრილსაა ჩანიშნული.

2017 წელს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ რეადმისიით სააკაშვილი პოლონეთში დააბრუნეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდა.