ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, ზამთარში გრიპთან ერთად დაიწყოს, რაც ბევრად მასშტაბურ კრიზისს გამოიწვევს.

"არსებობს შანსი, რომ ვირუსის მეორე ტალღა აშშ-სთვის იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ის ამჟამად არის. ჩვენ გრიპისა და კორონავირუსის ეპიდემიები ერთდროულად დაგვატყდება თავს", — აცხადებს CDC-ის ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი.

აღსანიშნავია, რომ გრიპის წინააღმდეგ პრეპარატები არსებობს, მაგრამ კორონავირუსის სამკურნალოდ დამტკიცებული მედიკამენტი ან ვაქცინა — არა. გასულ წელს გრიპმა აშშ-ში 35,5 მილიონი ადამიანი დააავადა, 34 200 კი იმსხვერპლა. გრიპისა და კორონავირუსის ერთდროული აფეთქება საავადმყოფოების გადავსებას გამოიწვევს.

თეთრი სახლის კორონავირუსის კომისიის კოორდინატორის, დოქტორ დებორა ბირქსის განცხადებით, მათ ზუსტად არ იციან, რამდენად უარესი იქნება ვირუსის მეორე ტალღა.

"დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ძალიან ცუდი იქნება. მჯერა, რომ ჩვენი მეთვალყურეებისგან ადრეულ გამაფრთხილებელ სიგნალებს მივიღებთ", — განაცხადა დებორამ.

რედფილდმა შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ შემდეგი ფაზისთვის მოემზადონ და განაგრძონ სოციალური დისტანციის დაცვა და ტესტირებები. მან ასევე პრევენციული კამპანიის საჭიროების შესახებაც განაცხადა და გრიპის ვაქცინის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"გრიპის ვაქცინა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს შეამცირებს და კორონავირუსით ინფიცირებულთათვის მეტი რესურსი დარჩება", — თქვა რედფილდმა.