აშშ-ში დადგინა, რომ კორონავირუსით პირველი ორი პაციენტი კალიფორნიაში თებერვლის დასაწყისში გარდაიცვალა, სამი კვირით ადრე, ვიდრე ამერიკაში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა.

როგორც ჯანდაცვის სპეციალისტებმა CNN-ის უთხრეს, აღნიშნული ორი შემთხვევა კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევებად ჩაითვლება, რასაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე წარმოდგენის შეცვლა შეუძლია.

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ორი ადამიანი 6 და 17 თებერვალს გარდაიცვალნენ. ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 29 თებერვალს ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.

როგორც ადგილობრივი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, კალიფორნიაში მყოფ ორ პირს ჩინეთში ან სხვაგან მოგზაურობის ისტორია არ ჰქონიათ. სარა კოდი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ისინი ვირუსის საზოგადოებაში გავრცელების შემდეგ დაავადდნენ.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ის ვინც 6 თებერვალს გარდაიცვალა, სავარაუდოდ იანვრის შუა რიცვხებში დაავადდა", — ამბობს CNN-თან ექიმი აშის ჯა.

მისივე თქმით, თუ მათ მოგზაურობის ისტორია არ ჰქონიათ, გამოდის, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში იმაზე უფრო ადრე გავრცელდა, ვიდრე ამაზე წარმოდგენა ჰქონდათ.