განახლება: პარლამენტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ სასჯელი 6 წლამდე ვერ გაიზრდება პრეზიდენტის დეკრეტისა და საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლამდე, ანუ 22 მაისამდე. 6 წლამდე სასჯელის გაზრდის შესახებ კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუმცა იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა მომავალშიც გამოცხადდება.

საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები სამივე მოსმენით უკვე დაამტკიცა. ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

მდინარაძის განმარტებით, ცვლილებით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ისჯება 3-ათასლარიანი ჯარიმით (იურიდიულ პირს 15 ათასი ლარი) განმეორების შემთხვევაში, პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. შესაბამის წესს უკვე არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 359¹ მუხლი.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს ზომები და ერთი ახალი მუხლი საჭირო გახდა, რადგან სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში სასჯელი "განჭვრეტადი" არ იყო.

"კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც პრეზიდენტის დეკრეტითაა გათვალისწინებული, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული, პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე მითითებაა, რომ თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში მოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია", — ამბობს მდინარაძე.