ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ხელისუფლებების მეგობრობის ტესტია. ამ თემაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"ეს არის ერთგვარი მეგობრობის ტესტი და მეგობრობაში არ იგულისხმება ხალხებს შორის და ქვეყნებს შორის მეგობრობა, რომლებსაც აქვთ საუკუნოვანი ისტორიული საფუძვლები. საუბარია ხელისუფლებებს შორის მეგობრობაზე, ეს არის ხელისუფლების მეგობრობის ტესტი და ჩვენ ასე ვაყენებთ სწორედ ამ საკითხს", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ძალიან უარყოფითად აისახება მეგობრობაზე და ეს მძიმე გადაწყვეტილება იქნება. კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეადარა იანუკოვიჩს და თქვა, რომ უკრაინელ კოლეგებს შეახსენეს სააკაშვილის წარსული.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას პირადადაც ჰქონდა კომუნიკაცია რადას დეპუტატებთან და აქვთ ოპტიმიზმის საფუძველი, რომ უკრაინა "სწორ" გადაწყვეტილებას მიიღებს.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პოროშენკოს ბრძანებით ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

ამავე თემაზე: