კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ამერიკელმა მსახიობმა ტომ ჰენკსმა და მისმა ცოლმა, რიტა ვილსონმა, ვაქცინის შექმნაში დასახმარებლად მეცნიერებს საკუთარი სისხლი შესთავაზეს.

წყვილს ინფექცია მარტის დასაწყისში, ავსტრალიაში ყოფნის დროს დაუდასტურდა. კარანტინის გავლისა და განკურნების შემდეგ, ისინი ლოს-ანჯელესში დაბრუნდნენ.

ჰენკსმა NPR-ს პოდკასტში თქვა, რომ მან და ვილსონმა სისხლის პლაზმა გაიღეს, რომელიც მეცნიერებს კორონავირუსთან გასამკლავებლად წარმოებულ კვლევებში დაეხმარება:

"უამრავ ადამიანს აინტერესებს, რას ვაკეთებთ ახლა. არის რამე, რაც შეგვიძლია? ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ ანტისხეულებს ვატარებთ. ამის შემდეგ შევთავაზეთ მეცნიერებს ჩვენი სისხლი".

მსახიობმა იხუმრა, რომ თუ ვაქცინა გაამართლებს, მას "ჰენკცინას" დაუძახებს. ჰენკსის სიტყვებით, კორონავირუსი რიტა ვილსონმა მასზე რთულად გადაიტანა და სამი კვირის განმავლობაში სიცხეები ჰქონდა, ამ დროის განმავლობაში კი გემოსა და სუნის შეგრძნებები ჰქონდა დაკარგული.