ირფან ხანი — ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი, რომელმაც დასავლურ კინოშიც არაერთი წარმატებული როლი შეასრულა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობს ნაწლავური ინფექციით მუმბაის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელება გვიწევს. ირფანი საოცრად ძლიერი სულიs მქონე ადამიანი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე იბრძოდა და ყველას შთააგონებდა, ვინც კი მასთან ახლოს იყო", — წერია მისი გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, ირფან ხანმა თავის სამსახიობო კარიერის განმავლობაში 80-მდე ფილმში ითამაშა, მათ შორის იყო ისეთი ცნობილი ჰოლივუდური ფილმები, როგორებიცაა Life of Pi, Slumdog Millionaire და Jurassic World.

მას იმ იშვიათ მსახიობად მიიჩნევდნენ, რომელსაც ერთდროულად წარმატებით შეეძლო როგორც ბოლივუდის, ისე ჰოლივუდის გახმაურებულ პროექტებში მიეღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ის უპირატესობას ხშირად მაინც მშობლიურ კინოს ანიჭებდა:

"მე ყოველთვის ბოლივუდის სამყაროს ნაწილი ვიქნები. ამ ინდუსტრიას თავისი უნიკალური ტექნიკა აქვს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჰოლივუდთან — ის სათავეს სპარსული თეატრიდან იღებს. ჰოლივუდი მეტისმეტად წინასწარ დაგეგმილი და განსაზრვრულია, ინდოეთი კი უფრო სპონტანურია და მოულოდნელობებითაა სავსე", — თქმა მან 2013 წელს The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში.