COVID-19-ის ყველაზე მძიმე შემთვევები ძირითადად ასაკოვან და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებში გვხვდება. კორონავირუსით ინფიცირებულები პაციენტების დაახლოებით 10%-ს გულის თანმდევი პრობლემები, დიაბეტი და სისხლის მაღალი წნევა აქვთ.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, COVID-19-ის მძიმე შემთხვევები ფილტვების დაავადებების მატარებელ ადამიანებში იშვიათია და ის სულ რაღაც 6 პროცენტს წარმოადგენს. ეს სტატისტიკა ჩინეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მსგავსია.

COVID-19 ყველაზე მძიმე ფორმებით იმ ადამიანებში გვხვდება, ვისაც უკვე არსებული გულის დაავადებები აქვთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვირუსი ჯანმრთელი ადამიანების გულსაც მნიშვნელოვნად აზიანებს.

ორივე შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის მძიმე ინფექციასთან გვაქვს საქმე, გული მასიურ ანთებით პროცესს, სახელად მიოკარდიტს განიცდის. ვირუსი გულის უჯრედებს აინფიცირებს და გულის კუნთის ანთებას იწვევს. ამან, შესაძლოა, გულში ელექტრული გამტარიანობა შეცვალოს, რაც გულს სისხლის ტუმბვის უნარს უქვეითებს. შედეგად, ორგანოებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდებათ, მათ შორის ფილტვებსაც. ამჟამად უცნობია როგორ ხდება ეს, თუმცა მეცნიერები რამდენიმე შესაძლო მექანიზმს განიხილავენ.

პირველ რიგში, გულის დაზიანება, შესაძლოა, ვირუსის უჯრედში შეღწევის მეთოდთან იყოს დაკავშირებული. ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილები უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორს, ACE2-ს ებმის. იმ პაციენტების უჯრედებზე, რომლებსაც გულის დაავადებები აქვთ, ACE2 რეცეპტორები უფრო უხვად გვხვდება. შედეგად კი, შესაძლოა, მათ უჯრედებში უფრო მეტი ვირუსი ახერხებს შეღწევას, რაც უფრო მძიმე ანთებით პროცესებს იწვევს.

ზოგადად, როდესაც ორგანიზმში ინფექცია აღწევს, იმუნური სისტემა მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. ამ პროცესს დიდი რაოდენობით ენერგია და გაძლიერებული მეტაბოლიზმი ესაჭიროება. ტემპერატურაც სწორედ ამიტომ იწევს მაღლა.

ჯანმრთელ ადამიანს ინფექციის წინააღმდეგ ადეკვატური იმუნური პასუხი გააჩნია. ხოლო ადამიანები, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი ან თანმდევი დაავადებები აქვთ, ინფექციას ეფექტიანად ვერ ებრძვიან, რის შემდეგაც ინფექცია სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებს, განსაკუთრებით ფილტვებსა და გულს უტევს.

ექიმებს მიოკარდიტის სიმძიმის კონტროლი ტროპონინის ტესტით შეუძლიათ. ცილა ტროპონინი, როგორც წესი, გულში გვხვდება. გულის დაზიანების შემთხვევაში კი იგი სისხლის ნაკადში გამოთავისუფლდება ხოლმე.

უხანში მყოფ მძიმე პაციენტებს, ისევე როგორც იტალიაში, ტროპონინის ბევრად მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებოდათ, ვიდრე მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს.

გულის პრობლემები საკმაოდ ბევრ ინფექციას ახლავს. გამონაკლისი არც COVID-19-ია. მაგალითად, 2009 წლის ღორის გრიპის პანდემიის დროს, რომელიც ვირუსმა H1N1-მა გამოიწვია, გულის პრობლემების მქონე პაციენტების რიცხვი სეზუნური გრიპის დროს არსებულ რიცხვზე ბევრად მაღალი იყო.